ომი ევროპაში
რუსეთის შემდეგი სამიზნე საქართველო?
2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ, ამჯერად უკრაინაში, მორიგი აგრესიული ომის დაწყების კვალდაკვალ სულ უფრო და უფრო მეტი ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსი, ექსპერტი და ანალიტიკოსი იხსენებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, შეცდომებს რომელიც დემოკრატიულმა სამყარომ დაუშვა როგორც ომის დაწყებამდე, ასევე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დადების შემდეგ. რადიო თავისუფლებისთვის სულ რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში „დიქტატორებთან მაამებლობას არა მშვიდობასთან, არამედ ომთან მივყავართ“ ბატონი ანდერს ფოგ რასმუსენი, რომელიც მაშინ დანიის პრემიერ მინისტრი იყო, ხოლო აგვისტოს ომის წლისთავზე ნატოს გენერალური მდივანი გახდა გულდაწყვეტით იხსენებს 2008 წლის ბუქარესტის სამმიტს და სამიტის ფარგლებში გამართულ ნატო-რუსეთის შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინის „გაცოფებულ“ გამოსვლას. „ნეტა მაშინ კარგად მოგვესმინა მისთვის, მაგრამ სერიოზულად არ აღვიქვამდით... ძალიან ვნანობ, რომ მაშინ პუტინი სერიოზულად არ აღვიქვით. და თუ რამე გაკვეთილის გამოტანა შეიძლება აქედან, ისაა, რომ პუტინი სერიოზულად უნდა აღვიქვათ. ახლა მაინც“ - იხსენებს ბატონი რასმუსენი.
დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წლის, ხოლო 2014 წელს ყირიმის ანექსიისადან 8 წლის შემდეგ, როდესაც პუტინის რუსეთი კიდევ ერთხელ დაესხა თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოს, თვითმფრინავებით და ტანკებით უტევს მის დედაქალაქს, თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებს სკოლებს, საავადმყოფოებს, ქალაქებსა და სოფლებს ჩვენ, ნატოს საზღვრების აღმოსავლეთით მცხოვრებ, სწორედ ნატოს და ევროკავშირის დროშებით ხელში თავისუფლებისთვის სამი ათწლეულის მანძილზე მებრძოლი სახელმწიფოების მოქალაქეებს ერთგვარი deja vu გვაქვს და გვინდა შევუძახოთ თავისუფალი მსოფლიოს ლიდერებს იქნება ეხლა მაინც მოუსმინოთ პუტინს, ან უკრაინის თავზე მფრინავი ბომბების გუგუნს, ან ხარკოვში ნანგრევებში მოყოლილი ბავშვების ტირილს, ან...
ჯერ კიდევ დეკემბერში, როდესაც უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მაქსიმალური კონცენტრაცია ხდებოდა, ხოლო პრეზიდენტი ზელინსკი პუტინის შემაკავებელ მკაცრ სანქციებს ითხოვდა, სწორედ 2008 წლის გაზაფხულის მსგავსი სიჯიუტით გერმანიის კანცლერი შოლცი აცხადებდა რომ ნორდსტორმ 2 არაპოლიტიკური, ბიზნეს პროექტი იყო და სანქციებზე დებატების ნაწილი არ უნდა გამხდარიყო. გარდაუვალის დანახვას და შესაბამისად ამ „აპოლიტიკურ, ბიზნეს პროექტზე“ უარს, კიევის თავზე ბომბები და ათასობით შეწირული სიცოცხლე დაჭირდა. პერზიდენტი მაკრონის მიერ უკრაინის, და შესაბამისად საქართველოსა და მოლდოვასთვის ევროპულ პერსპექტივის მიცემაზე თანხმობას, რომელიც სულაც არ არის გარანტირებული გზა სწრაფი წევრობისკენ, კიდევ უფრო მეტი ტრაგიკული დღე უკრაინის დიდსა და პატარა ქალაქებში.
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ჯერ კიდევ დეკემბერში, სრულიად ერთმნიშვნელოვანი და ღია ულტიმატუმი წაუყენა ნატოსა და დასავლეთის სახელმწიფოებს. იგი ნატოსა და ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღებაზე ვეტოს უფლებას ითხოვდა. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად სამხედრო ავიაციას უკვე სამი კვირაა იყენებს, და ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ იმავე ინტერვიუში, ნატოს ყოფილი გენმდივანი რასმუსენი ამბობს რომ „დღეს ჩვენ ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავართ: პუტინს ან დღეს ვუპირისპირდებით, ან ხვალ თავადვე მოგვიწევს ვეომოთ, რადგან ის უკრაინით არ დაკმაყოფილდება“. რთულია არ დაეთანხმო მის ამგვარ მოლოდინსა და შეფასებას.
დღეს ძალიან ხშირად კითხულობენ იქნება კი საქართველო პუტინის შემდეგი გაჩერება? ან უფრო მეტად ვინ იქნება შემდეგი? მე ვიტყოდი, სანამ „ვინ“ კითხვას გავცემთ პასუხს ჯერ „რა“ კითხვაზე უნდა ვიფიქროთ, რა იქნება შემდეგი, ან შედეგი რუსული ავანტურის, რომელიც უკრაინის მიწაზე მიმდინარეობს დღეს? სწორედ ამ საკითხის ანალიზი და პასუხის ძიება ლოგიკურად მიგვიყვანს ყველა შემდგომ სცენარამდე.
საქართველოში რუსეთის მისია პრინციპში შესრულებულია. ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოცხადების მხოლოდ პოლიტიკური აქტი არ ყოფილა რუსეთისთვის. ორი უმთავრესი ამოცანა სამხრეთ კავკასიაში, ნატოს საზღვართან მისი სამხედრო ყოფნის უზრუნველყოფა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესისთვის ხელის შეშლა, შესრულებულია. დღეს საქართველოს ტერიტორიაზე სამი რუსული სამხედრო ბაზაა, ორი სამხრეთ ოსეთში (ცხინვალსა და ჯავაში) და ერთი შავი ზღვის საქართველოს ნაპირებზე (გუდაუთაში). მუდმივად დისლოცირებული სამხედრო კონტინგენტი ყველაზე მინიმალისტური მონაცემით 15,000 სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს. ბუნებრივია ზუსტ რიცხვებს არც რუსეთი, და არც თვითგამოცხადებული რესპუბლიკები არ ასაჯაროვებენ, მაგრამ რუსული პროგანდისტული მედია საშუალებების მიხედვით (sputnik-ossetia, sputnik-abkhazia), სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო შენაერთებს სწორედ რუსეთის ფედერაციის მიერ დამტკიცებული საკუთარი გარანტირებული ბიუჯეტები აქვთ, მრავლობით წვრთნებს ატარებენ, აფხაზი და ოსი წვევამდელებისთვის 20-მდე რუსული სამხედრო სასწავლების კარები ღიაა, ხოლო თავად დისლოცირებული ჯარი თანამედროვე სამხედრო საშუალებებით აღჭურვილია და მუდმივ საომარ მზადყოფნაშია. 2019 წელს პრეზიდენტმა პუტინმა „აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციის გეგმას“ მოაწერა ხელი, რასაც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზაცია და აფხაზეთის ტერიტორიაზე მრავლობითი ახალი შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის გადასროლა მოჰყვა. ამასობაში უნდა გვახსოვდეს, რომ ორივე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული შენარეთები რუსეთის არმიის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაშია და სწორედ მის სამხედრო შტაბს ემორჩილება. შესაბამისად, „საჭიროების გაჩენის“ ნებისმიერ შემთხვევაში შესაბამისი იარაღისა და აღჭურვილობის გადასროლა შეიძლება მარტივად განხორციელდეს.
საქართველოს კარგად გაწვრთნილი, საომარ ოპერაციებში და საკუთარი სამშობლოს დაცვაში გამოცდილი, კარგად შეიარაღებული და მოტივირებული ჯარი ჰყავს. არნაკლედ მნიშვნელოვანია ის სამხედრო რეზერვი, რომელიც რამდენიმე ათეულ ათას ერაყსა და ავღანეთში ნაომარ ყოფილ სამხედროებს ითვლის. რეგულარული ნატო-საქართველოსა და საქართველოსა და მისი სხვადასხვა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა ერთობლივი წვრთნები მხოლოდ ეხმარება არსებული პოტენციალის გაძლიერებასა და პროფესიონალიზმის ზრდას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბოლო წლებში აშშ-ს და ნატოს წევრი სხვა სახლემწიფოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს მიერ იარაღის შესყიდვაზე არსებული შეზღუდვების მოხსნის თაობაზე, რამაც შესაძლებელი გახადა კიდევ უფრო მეტი თანამედროვე აღჭურვილობის შეძენა,
თუმცა, ბუნებრივია, საქართველოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრში განლაგებული შეუზღუდავი შესაძლებლობების რუსული სამხედრო ბაზები, რომლებიც როკის გვირაბის გამოყენებით სულ რამოდენიმე საათში ნებისმიერ დახმარებას მიიღებს ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის სერიოზულ საფრთხესა და გამოწვევას წარმოადგენს. ისევე როგორც რუსული სამხედრო ნაზა გუდაუთაში. მაგრამ დღეს, თბილისში მყისიერი რუსული აგრესიის ახალი ტალღის მოლოდინი განსაკუთრებით მაღალი არ არის. არსებობს სრულიად ლოგიკური კავშირი უკრაინაში ომის ბედსა და ქართული სახელმწიფოს მომავალს შორის.
არავის აქვს მოლოდინი, რომ უკრაინაში დამარცხებული რუსეთი საქართველოზე გამოილაშქრებს, თუმცა თუკი ასეთ შემთხვევში რუსეთი მაინც გადაწყვეტს კუდის საქართველოში მოქნევას, უკრაინაში დამარცხებული რუსეთის საქართველოდან გაძევებაც უფრო მოსალოდნელია ვიდრე პირიქით. თუმცა მოვლენების სხვაგავრად განვითარების პირობებში, აბსოლუტურად მართალია ბატონი რასმუსენი, როდესაც აცხადებს რომ ან დღეს დაამარაცხებს უკრაინაში რუსეთს დასავლეთი, ან თავად მოუწევს მასთან ომში დაპირისპირება, ვინაიდან კიევთან გამარჯვებული რუსეთისთვის საქართველო ან მოლდოვა ძალიან მცირე ლუკმაა, კრემლის ამბიციები, როგორც ეს ვლადიმერ პუტინის მიერ დასავლეთისთვის გაგზავნილ დეკემბრის ულტიმატუმშიც ერთმნიშვნელოვნად წერია, სწორედ ნატოს წევრ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე გადის.
ამ ომში ვლადიმერ პუტინი აუცილებლად დამარცხდება. ის დამარცხდება ან დღეს უკრაინაში, დასავლეთის უფრო აქტიური და რადიკალური ნაბიჯების პირობებში, ან ხვალ უკვე ნატოს ტერიტორიაზე. გარდაუვალი მარცხი სად და რის ფასად დადგება მთლიანად ნატოს და უკრაინისა და საქართველოს მოკავშირეების ხელშია დღეს. გადამწყვეტი მოქმედების დროა!
_______________________________________
თინათინ ხიდაშელი ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას „სამოქალაქო იდეა“, მანამდე იგი გახლდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრი