DE

საქართველო ევროკავშირში
წინ ევროპული კავშირისკენ და არასდროს უკან საბჭოთა კავშირისკენ!!!

EU, Georgia, Moldova, Ukraine Flags
© Kmu.gov.ua, CC BY 4.0, via Wikimedia Commons

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ძალიან რთული გზა განვლო და რომ არა ევროპული კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, წარმოდგენაც კი არ მინდა, სად შეიძლება ვყოფილიყავით ჩვენ დღეს.

დამოუკიდებელი საქართველოს სათავეში მყოფმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა თავისი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა ისტორიული მისიის - ევროპულ ოჯახში მის კუთვნილ ადგილას დაბრუნების აღსრულებას.

აწ-გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მიერ სტრასბურგში წარმოთქმული ისტორიული სიტყვები - მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი - არ იყო კარგი სფიჩ-რაითერების ან თავად ბატონი ზურას მიერ ოსტატურად მოფიქრებული, ადვილად დასამახსოვრებელი ფრაზა. ეს იყო საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის გულისნადები, გადაწყვეტილება და თუ გნებავთ რწმენაც. ჩვენი ისტორიით, ჩვენი კულტურით, ჩვენი მწერლობით, ჩვენი ხელოვნებით და რა თქმა უნდა ჩვენი ბრძოლით არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ საქართველო ევროპის ორგანული და განუყოფელი ნაწილია და მისი ადგილი სწორედაც რომ ევროპულ კავშირშია - ქვეყნების იმ გაერთიანებაში, რომლის სლოგანია „ერთიანნი მრავალფეროვნებაში“; იმ გაერთიანებაში, სადაც მთავარი ღირებულება ადამიანია და მთავარი ფასეულობა - თავისუფლება.

მოგეხსენებათ, ფუნდამენტურ ღირებულებებთან და ფასეულობებთან ერთად ევრპულ კავშირს აქვს თავისი კრიტერიუმები, მსოფლიოსთვის ცნობილი როგორც კოპენჰაგენის კრიტერიუმები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კრიტერიუმები არსებობს და მისი ზედმიწევნით დაკმაყოფილება წარმოადგენს ერთგვარ შესასვლელ ბილეთს ევროკავშირის ამჟამად 27 ქვეყნისგან შემდგარ ოჯახში. კარგია იმიტომ რომ იცი, როგორია ურთიერთხელსაყრელი თანაარსებობის წესები; კარგია იმიტომ რომ იცი, როგორი გინდა იყოს შენი ქვეყანა და კარგია იმიტომ რომ, დამოუკიდებლად იმისა, შენ შეხვალ თუ ვერ დემოკრატიული ევროპული ქვეყნების გაერთიანებაში, ამ კრიტერიუმებთან შესაბამისობაში მოსვლით უზრუნვეყლოფილი გექნება შენი შვილების მომავალი, დაფასებული გექნება შენი მშობლების  წარსული და რეალიზებული გექნება შენი საკუთარი შესაძლებლობები. კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პირუთვნელად დაცვა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა - ეს არის გასაღები ყველა იმ ამოცანების რეალიზებისთვის, რომელიც დემოკრატიულ ევროპულ ქვეყანაში მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, იყოს თვითრეალიზებული, დაცული, წარმატებული და უზრუნველყოფილი. ეს არის გზა, რომლითაც, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის და არა ვინმესთვის ევროპულ კავშირში მოგაქვს კეთილდღეობა, სტაბილურობა და განვითარება.

სახელმწიფოებრიობის სხვადასხვა ეტაპზე საქართველო მეტ-ნაკლები წარმატებით ართმევდა თავს ამ კრიტერიუმებთან შესაბამისობაში ქვეყნის მოყვანას. არ შეიძლება ამ ქვეყნის მოქალაქეს არ გეამაყებოდეს, რომ ევროპული კავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჯგუფში წლების მანძილზე დამსახურებლად ვატარებდით ჩემპიონის ტიტულს - ჩემპიონის რეფორმების განხორციელებაში, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში და თვისუფალი ბაზრის განვითარებაში. საქართველო დამაჯერებლად მიიწევდა წინ, ევროპული კავშირისკენ, რაც თავისთავად ნიშნავდა, რომ ის აღარასდროს დაბრუნდებოდა საბჭოთა კავშირისკენ! იყო საკუთარი ხარვეზებიც, შეცდომებიც, პარტნიორების მხრდიან ბიუროკრატიული დაბრკოლებებიც და შეფერხებებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში საქართველოს საუკეთესო მაჩვენებლები ჰქონდა კორუფციასთან და ორგანიზებული დანაშულთან ბრძოლის, ბიზნესის ხელშეწყობისა და ქვყენის ღიაობის მიმართულებებით.

ზემოთ ვახსენე აღმოსავლეთ პარტნიორობის ჯგუფის ჩემპიონობა და სულ მახსენდება ჩემი საუბარი ერთ დასავლეთ ევროპელ კოლეგასთან. მან ძალიან გულწრფელად მითხრა: რა გინდათ, თქვენ ხართ აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩემპიონები; რა არის თქვენი მიზანი და ამბიცია? იმჟამად ძალიან აქტუალური იყო რაგბის ელიტურ 6 ერის თასის ტურნირში საქართველოს მიერთების საკითხი. ეტყობა ამან ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ ევროპელ მეგობარს პასუხად მივუგე: ჩვენ ვართ მრავალგზის ევროპის ჩემპიონები რაგბში; სისტემატურად ვამარცხებთ რუსეთის ნაკრებს და პრაქტიკულად ვიგებთ ყველა თამაშს. ეს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შევუერთდეთ იმ ელიტური ქვეყნების კლუბს, სადაც დამსახურებულად გვეკუთვნის ჩვენი ადგილი.

ცხადია, მიხვდებით რა იყო პასუხი - 24/7 შრომა ყველგან, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ჩვენს საშინაო დავალებას ჩვენს მაგივრად არავინ გააკეთებს და ჩვენს საგარეო საქმესაც ჩვენს გარეშე არავინ მიხედავს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს მეგობარი სახელმწიფოები ევროპულ კავშირში, რომლებიც სხვებზე უფრო მეტად იღწვიან საქართველოს ევროპულ ოჯახში დამკვიდრებისთვის. თუ საშინაო ფრონტზე პრობლემებს წარმოადგენს არსებითი ხარვეზები დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, საგარეო მიმართულებით მთავარი გამოწვევა ევროსკეპტიცზმი, ანუ გაფართოებით გადაღლა და უკმაყოფილება გახლავთ. ასე რომ ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.

2022 წლის 24 თებერვლამდე ეს განწყობები ევროპულ კავშირში საკმაოდ ძლიერი იყო; იმდენად ძლიერი, რომ არათუ ე.წ. ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის, არამედ დასავლეთ ბალკანეთის უკვე ნატო-ს წევრი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებიც სერიოზულად ჭიანურდებოდა. რომ არა რუსეთის სრულმასშტაბიანი, არაპროვოცირებული და არასაფუძვლიანი აგრესია უკრაინაში, ასეც გაგრძელდებოდა. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტი ფაქტია - სწორედ უკრაინის თავგანწირულმა ბრძოლამ რუსი აგრესორების წინააღმდეგ დააფიქრა მთელი მსოფლიო, მათ შორის ევროკავშირი ახალი მიდგომების გამომუშავების, ახალი გლობალური არქიტექტურის შექმნისა და  ახალი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობაზე. ევროკავშირის ხელმძღვანელობამ თამამად განაცხადა: დროა, გავათვითცნობიეროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ადგილი ევროპულ კავშირშია. რომ არა ომი უკრაინაში, რომ არა ჩვენი ქვეყნის მმართველი ძალის მიერ დაშვებული შეცდომები და გააზრებულად გადადგმული გაუმართლებელი ნაბიჯები, ეს თანმიმდევრობა, შესაძლოა, განსხვავებული ყოფილიყო.

23 ივნისს ისტორიული რამ მოხდა: ჩვენმა უკრაინელმა და მოლდოველმა მეგობრებმა ნამდვილად დამსახურებულად მიიღეს ევროპული კავშირის კანდიდატის სტატუსი და ამასთან ერთად აუცილებელი პირობები ევროპულ კავშირში გაწევრიანების ოცნების კიდევ უფრო რეალურად გადაქცევისთვის. არავის აქვს ილუზია - ეს გზა მათთვის არ იქნება ადვილი, მითუმეტეს, როდესაც ომში ხარ. აგრეთვე, პირობების სრულფასოვნად და წარმატებით შესრულების შემთხვევაშიც არავის აქვს გარანტია, რომ ევროპული კავშირის ყველა ქვეყანა ერთსულოვნად მიიღებს გადაწყვეტილებას ახალი წევრების მიღების თაობაზე.

23 ივნისი ჩვენთვისაც იყო მნიშვნელოვანი დღე; სამწუხაროდ ნაკლებ საზეიმო და სასიხარულო. ჩვენ, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად მივიღეთ ევროპული პერსპექტივა (რომლის ასოცირების შეთანხმებაში ჩაწერაზე ვერაფრით მივაღწიეთ შედეგს მოლაპარაკებებში სულ რაღაც 9-10 წლის წინ); მივიღეთ პირობები და რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შემთხვევაში მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ამ შედეგში არავის ეკუთვნის უფრო მეტი პასუხისმგებლობა და საყვედური, ვიდრე მოქმედ ხელისუფლებას. ყველაფერს რომ თავი დაანებო,  არ შეიძლება ბრიუსელში და ევროპულ დედაქალაქებში ყველა კარების შეღების გამუდმებული მცდელობის ნაცვლად, მეგობრებს უწოდებდე კრიმინალებს და კრიმინალების მფარველებს; არ შეიძლება შენი ქვეყნისთვის ისტორიული გადაწყვეტილების წინ სრულიად უსაფუძვლო ბრალდებით აპატიმრებდე ყველაზე კრიტიკული ტელევიზიის დირექტორს და ა.შ.

ასოცირებული ტრიოს 2 წევრს ჩამოვრჩით, მაგრამ 2022 წლის ბოლომდე შესაძლებლობის ფანჯარა ღია რჩება. 20 ივნისს თბილისში გამართულ მიტინგზე გამოსულმა 100 ათასზე მეტმა ადამიანმა ნათლად დაანახა ხელისუფლებას და პოლიტიკოსებს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემის - პოლარიზაციის აღმოფხვრა საქართველოს შეუძლია. იმედი მინდა ვიქონიო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართველი ხალხისგან მკაფიოდ გაიგო მთავარი გზავნილები: ქვეყნის მოქალაქეების უდიდეს ნაწილს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია და არა საბჭოთა კავშირის რაიმე ფორმით რეინკარნაცია; ქვეყანაში დემოკრატიული და არა ოლიგარქიული მმართველობის დამკვიდრება; კორუფციის და კრიმინალის აღმოფხვრა და არა ნეპოტიზმი და ორგანიზაებულ დანაშაულთან გარიგება; მედია თავისუფლების უზრუნველყოფა და არა მათი დარბევა და დაპატიმრება; თანასწორობა და არა დისკრიმინაცია; საყოველთაო კეთილდღეობა და არა ელიტური მცირე ჯგუფის აყვავება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზავნილებმა დანამდვილებით მიაღწიეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებამდე და ბრიუსელამდე. ძალიან დასანანი იქნება, თუ ხელისუფლება სათანადო დასკვნებს სწრაფად არ გააკეთებს.

მრავალი წლის მანძილზე ვყოფილვარ სხვადასხვა ხელისუფლებების დროს სხვადასხვა პოლიტიკური აქციების მონაწილეც და ორგანიზატორიც. ამიტომაც შემიძლია ასე დარწმუნებით თქმა, რომ 20 ივნისს სრულიად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების და გემოვნების ხალხი იდგა რუსთაველის გამზირზე გვერდი-გვერდ და ითხოვდა ერთს - წინ, ევროპული კავშირისკენ და არასდროს უკან, საბჭოთა კავშირისკენ!

 

ალექსი პეტრიაშვილი

Buka PetriaSvili
© From Personal Facebook Profile